ბლოგი

3 ფაქტი ბაკურიანზე, რომელიც უნდა იცოდეთ
ბაკურიანი განსაკუთრებული ადგილებით, ზღაპრული ბუნებით და მიმზიდველი გარემოთი გამოირჩევა. ეს ადგილი იდეალურია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის ნამდვილი აღმოჩენაცაა. ბაკურიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურის და ალპური ბუნების ჰარმონიული შერწყმის თვალსაჩინო მაგალითია. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ იმ საინტერესო ისტორიული ფაქტებსა და ინფორმაციას, რომლის ცოდნა, ბაკურიანის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.
მდებარეობა
ბაკურიანი მდებარეობს დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას. ბაკურიანი გაშლილია ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავითა აგებული.
ისტორია და განვითარება
ბაკურიანის პირველი მოსახლეები უკრაინელები იყვნენ. 1816 წელს ბორჯომის ხეობაში უკრაინელების 460 ოჯახი დასახლდა. აქ შემორჩენილია ადგილები, რომელთაც „ყურუმსებს“ (ყრუ რუსები) ეძახიან. ბაკურიანის ისტორია კი უკავშირდება ბორჯომის მინერალური წყლებს, რომელიც თავის სამკურნალო თვისების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა. რუსეთის მეფე ალექსანდრე II-მ 1871 წელს ბორჯომის ხეობა თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა. 1890 წლიდან „ბორჯომის“ წყლის საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. ხეობაში გაიზარდა ინვესტიციები, აშენდა მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო, დასასვენებელი სახლები და რომანოვის მმართველობის დროს კი ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა გაიყვანეს. ბაკურიანში რკინიგზის არსებობამ, 1902-1910 წლებში კოხტაგორის ფერდზე ბოტანიკური ბაღის შენება გააადვილა. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. 1935 წლის 6 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სამთო-სათხილამურო სკოლა და ფიზკულტურის სახლი. 1950 წელს აშენდა ჯერ 45, ხოლო შემდეგ – 75 მეტრიანი ტრამპლინი, რამაც უფრო მოიზიდა სათხილამურო სპორტის მოყვარულები. დღეს ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრის სტატუსს ატარებს და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალს უმასპინძლებს.
სათხილამურო ტრასები
ბაკურიანი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სამთო კურორტად საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში მოქმედი სათხილამურო ტრასებით: დიდველი, კოხტა გორა, მიტარბი, ტატრა, რომელთა საერთო სიგრძე 18 კმ.-ია. ყველა ტრასაზე განთავსებულია: კვების ობიექტები, სანიტარული,სამედიცინო და სამაშველო პუნქტები. სურვილისამებრ,ადგილზე შესაძლებელია, სათხილამურო და საციგაო აღჭურვილობის დაქირავება და ინსტრუქტორის აყვანა.
მსგავსი სიახლეები

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე
პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა